15/01/2017 გამონაყარით მიმდინარე ბავშვთა ინფექციური დაავადებები
სკოლამდელი და სასკოლო ასაკის პერიოდებში უხშირესად გვხვდება სპეციფიკური გამონაყარითა და კლინიკური სურათით მიმდინარე 6 ინფექციური დაავადება. ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი.
ჩუტყვავილა – მწვავე ვირუსული ინფექციაა, ხასიათდება ზომიერი ცხელებითა და ინტოქსიკაციით, ვეზიკულური (ბუშტუკოვანი) გამონაყარით, კანის ქავილითა და ბავშვის გაღიზიანებით. ხასიათდება სეზონურობით ( შემოდგომა – ზამთარი )
წითელა – მწვავე ვირუსული ინფექციაა, ხასიათდება ცხელებით, ზედა სასუნთქი გზების კატარული მოვლენებით, კონიუნქტივიტით და ლაქოვან – პაპულური გამონაყარით. ხასიათდება სეზონურობით ( დეკემბერი – მაისი ).
წითურა – მწვავე ვირუსული ინფექციაა, მიმდინარეობს ზემო სასუნთქი გზების ინფექციის მსუბუქად გამოხატული სიმპტომატიკით, პაპულოზური გამონაყარით, კეფისა და კისრის ლიმფური კვანძების გადიდებით. ხასიათდება სეზონურობით ( გაზაფხული ).
ქუნთრუშა – მწვავე სტრეპტოკოკული ინფექციაა. ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია, ყბისქვეშა ლიმფური კვანძების გადიდება, ანგინა, წვრილწინწკლოვანი გამონაყარით კანის ჰიპერემიულ ფონზე, „ ჟოლოსებური „ ენა, მოგვიანებით – კანის ფირფიტისებრი აქერცვლა კიდურებზე. ხასიათდება სეზონურობით ( სექტემბერი – იანვარი ). საჭიროებს დროულ დიაგნოსტირებას, დამზოგველ რეჟიმს და 10 დღიან ანტიბიოტიკოთერაპიას.
ინფექციური ერითემა ( მე – 5 დაავადება ) – მწვავე ვირუსული ინფექციაა, მიმდინარეობს ინტოქსიკაციის გარეშე, დამახასიათებელი ბადისებური გამონაყარით.
უეცარი ეგზანთემა ( მე – 6 დაავადება ) მწვავე ვირუსული ინფექციაა, ტემპერატურის უეცარი მომატებით 39 – 40 – მდე 3 – 4 – 5 დღის განმავლობაში და ასევე უეცარი ლიზისით ნორმამდე, ამ დროს ჩნდება გამონაყარი, რომელიც მალევე ქრება.
ამ დაავადებების მსუბუქი მიმდინარეობის ან წაშლილი ფორმების შემთხვევაში გაძნელებულია დიფ. დიაგნოსტიკა ალერგიასა და სხვა გამონაყარით მიმდინარე ინფექციებს შორის. ამიტომ მსგავსი კლინიკური სურათის მქონე ყველა შემთხვევა გამონაყარით ( თუნდაც ერთეული ელემენტის არსებობით ), საჭიროებს პედიატრის და/ან ინფექციონისტის დროულ კონსულტაციას. გაურთულებელი ვირუსული ინფექციების მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია.